თბილისის სამოქალაქო კლუბებმა დიდ მეგობარს, პროფესორ დელ ჰარნიშს, გაცილება მოუწყვეს

2012 წლის 8 მაისს ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში თბილისის რეგიონის სკოლების სამოქალაქო განათლების 10 კლუბის წევრმა და ფონდის წარმომადგენლებმა გაცილება მოუწყვეს ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორ, ფულბრაითის პროგრამის მკვლევარს, დელვინ ჰარნიშს. ბ-ნი დელისა და სამოქალაქო განათლების კლუბების წევრების თანამშრომლობა და მეგობრობა წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. იგი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში კლუბების საქმიანობაში, ესწრებოდა ღონისძიებებს,  ეხმარებოდა მოზარდებს პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში.
 
 ბ-ნ დელის გაცილებას ესწრებოდა მისი დიდი ხნის მეგობარი, აფხაზეთის განათლების მინისტრი, ქ-ნი დალი ხომერიკი. 
 
ღონისძიება თბილისის #51 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გახსნეს, წარუდგინეს საზოგადოებას ბ-ნი დელისათვის კლუბების მიერ მომზადებული ვიდეორგოლი და საჩუქრად გადასცეს  კლუბის მაისური სამახსოვრო ხელმოწერებით. #1 ექსპერიმენტული სკოლის კლუბის წევრებმა სტუმარი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს, ხოლო #42 სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებმა აჩვენეს და შემდგომ გადასცეს ბ-ნ დელს ვიდეოკოლაჟი თბილისზე, რათა მან ამერიკელ მეგობრებს გააცნოს ჩვენი დედაქალაქი და დააინტერესოს ისინი საქართველოში ჩამოსასვლელად!
 
ბ-ნმა დელმა გულისამაჩუყებელი სიტყვა წარმოთქვა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბავშვებს თანამშრომლობისა და სიყვარულისათვის. მან აღნიშნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მნიშვნელობა მოზარდების საუკეთესო მოქალაქეებად ჩამოყალიბების საკითხში და უდიდესი მადლიერებით მოიხენია USAID-ი, PH International-ი და ფონდი მოზარდთა სახლი, რომელთა მეშვეობითაც გაეცნო სამოქალაქო პროგრამასა და ამ პროგრამაში ჩართულ მოზარდებს.
 
აფხაზეთის განათლების მინისტრმა, ქ-მა დალი ხომერიკმა, შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა. მან მაღალი შეფასება მისცა სამოქალაქო განათლების პროგრამას და შეაქო ბავშვები ისეთი მეგობრების მოძიებისათვის, როგორიც ბ-ნი დელია, რადგანაც მისგან სამოქალაქო განათლების მხრივ, უსაზღვრო ინფორმაციის მიღება შეიძლება. ქ-ნმა დალიმ მოზარდები მიიწვია აფხაზეთის განათლების სამინისტროში სამინისტროს სტრუქტურის გასაცნობად და მოზარდებზე ორიენტირებული მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობის მიღების თაობაზე სასაუბროდ. ვიზიტი 11 მაისისათვის დაიგეგმა.
 
შეხვედრის ბოლოს #1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ შესანიშნავად შეასრულა ინგლისურენოვანი სიმღერა.
 
გამოსათხოვარ საღამოს, როგორც მოსალოდენლი იყო, უცრემლოდ არ ჩაუვლია, ბ-ნი დელი დაჰპირდა ბავშვებს, რომ კვლავაც გააგრძელებდა მათთან თანამშრომლობას ნებრასკიდან ინტერნეტის საშუალებით სამოქალაქო ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების ხელშესაწყობად.