სოფელ კეხიჯვრის სკოლის მოსწავლეებმა „კრეატიული კლუბი“ შექმნეს

დღეს ქვეყანაში განათლების მიწოდება დისტანციურ რეჟიმში ხდება. სწავლების ამ ახალ ფორმატში სხვადასხვა საინტერესო საკლასო პროექტებისა და ინიციატივების განსახორციელებლად სოფელ კეხიჯვრის სკოლის მოსწავლეებმა „კრეატიული კლუბი“ შექმნეს,  რომლის წევრებმაც თიმსის პროგრამის გამოყენებით ვიდეო გაკვეთილი ჩაატარეს. გაკვეთილზე მათ ძველი საგნებისგან ახალი ხელნაკეთი ნივთების დამზადება ასწავლეს თანატოლებს, შემდეგ კი მათ მიერ დამზადებული ნივთები ფეისბუქ გვერდზე გამოფინეს.

კლუბის წევრებმა ეს უნარები მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში გამართულ ტრენინგზე აითვისეს. მცირე გრანტი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების საზოგადოებში ინტეგრირებისთვისაა გამიზნული.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო, ფსიქოლოგ მარიამ გოჩატაშვილის მნიშვნელოვანი რჩევებით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებისათვის, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ამ რთულ პერიოდში. ვიდეო ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამდე სკოლაში რესურს ოთახიც მოეწყო სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.

მცირე საგრანტო პროექტი ორგანიზაცია PH International-ის  მიერ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში  ხორციელდება MAC Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.