ჯორჯია მაკლეინი, სტუდენტი აშშ-დან თბილისის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

2020 წლის 21 იანვარს „თბილისის მოზარდთა სახლში“ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შევხვდი. შეხვედრის დასაწყისში მე მათ ჩემ შესახებ მოვუყევი, გავუზიარე საშუალო სკოლაში და კოლეჯში სწავლის  გამოცდილება და საქართველოში ჩემი ყოფნის მიზანიც გავაცანი. შეხვედრა შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოზარდები ძალიან ცნობისმოყვარენი აღმოჩნდნენ და ჩვენი საუბარიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ძალიან მრავალფეროვანი შეკითხვები ჰქონდათ. ზოგიერთს ჩემი აზრი აინტერესებდა საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ, სხვებს კი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ უნდოდათ შეეტყოთ, მათ შორის ამერიკულ საშუალო სკოლაში სწავლის დეტალები და ისიც, თუ რა იყო ჩემი საყვარელი საქმე. 

ჩემდა გასაკვირად, პოლიტიკურად ორიენტირებული შეკითხვებიც დამისვეს. ზოგ მოსწავლეს ჩემი შეხედულებები და მოსაზრებები აინტერსებდა პრეზიდენტ ტრამპზე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამერიკის მთავრობაზე. მეკითხებოდნენ ჩემი საყვარელი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების შესახებ. იყო ასეთი კითხვებიც: "ამერიკა ნამდვილად თავისუფალია?", ან  "როგორ ფიქრობთ,  ამერიკა დამპყრობელი ქვეყანაა?"

ეს საკმაოდ რთული კითხვებია და მეც გამიძნელდა მათზე ცალსახა პასუხების გაცემა. საოცარია, თუ როგორ განიხილავენ მოზარდები ამერიკას და მის ურთიერთობებს მათ სამშობლოსთან და დანარჩენ მსოფლიოსთან. 

ჩემის მხრივ ახალგაზრდებს ვთხოვე, ეამბნათ, თუ რომელი სამოქალაქო პროექტებით ამაყობდნენ ყველაზე მეტად. ამაზე დაუყოვნებლივ წამოიწია ათეული ხელი, რომლითაც ისინი ამ პროექტებზე საუბრის სურვილს გამოხატავდნენ. მოზარდები ძალიან ამაყად საუბრობდნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა ბულინგი, ქალთა უფლებები და გარემოს დაცვა.

მოზარდებს გაუკვირდათ, როცა გაიგეს, რომ მე საშუალო სკოლაში სამოქალაქო განათლებას არ მასწავლიდნენ. აღვნიშნე, რომ კარგი იქნებოდა მეც მქონოდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილები, რომელიც საშუალებას გაძლევს, ისწავლო კომუნიკაცია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა; ვუთხარი,  რომ ისინი ძალიან უნდა ამაყობდნენ იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებით, რაც მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს მოაქვთ თემში. 

მთლიანობაში, მოსწავლეებთან შეხვედრა ძალიან ინფორმაციული გამოვიდა მათთვისაც და ჩემთვისაც. მე დავინახე მათი ემოცია, ინტერესი და მსჯელობის უნარი, რაც ძალიან საგულისხმოა და მისასალმებელი. მიხარია, რომ PH International-ი ასეთ კარგ საქმეს აკეთებს და მოზარდებს ეხმარება, იყვნენ აქტიური მოქალაქეები.