ოსიაურის სკოლის მოსწავლეებმა მდინარე სურამულას დაბინძურებისგან დაცვა გადაწყვიტეს

ოსიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მდინარე სურამულას დაცვა და დაბინძურებისგან მისი გადარჩენა გადაწყვიტა - მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა რეგიონის კულტურულ - ეკონომიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამოკითხვა ჩაატარეს თემში; შეხვდნენ მოსახლეობას და ესაუბრნენ, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს მდინარის დაბინძურება გარემოსა და ადამიანებზე. მათ მდინარე სურამულას ეკოლოგიური მდგომარეობა შეისწავლეს და დასუფთავების აქციაც მოაწყვეს. 

კლუბის წევრები სოფლის  პრობლემის მოგვარებისა  და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სოფლის გამგებელს, ლევან გამრეკელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გურასპაშვილს შეხვდნენ,  რომლებთანაც ქალაქის  ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სურამულას მოვლა-პატრონობის მიზნით დაგეგმილი პროექტი წარუდგინეს.   

მოსწავლეებმა სკოლაში მხატვარი ირაკლი ლიჩელიც მოიწვიეს და გარემოს დაცვის თემაზე  ერთობლივად შექმნეს ესკიზები; ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს ხაშურის სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც, რომლებიც მათ ინიციატივას შეუერთდნენ.

ოსიაურის სკოლის დირექციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მოსწავლეებმა მდინარე სურამულას ჯებირების მოხატვაც დაიწყეს, რითაც მოსახლეობას გარემოს დაცვისა და არ დაბინძურებისაკენ მოუწოდეს.

ისინი თვლიან, რომ მათი მაღალი მოტივაციის, საქმისადმი ინტერესისა  და საზოგადოების გვერდში დგომის შედეგად პროექტი ჭეშმარიტად სახალხო პროექტად იქცევა.