მოსწავლეების ძალისხმევით აღდგენილი სკოლის ბიბლიოთეკა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, რის გამოც მოსწავლეები წიგნებით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. ბიბლიოთეკის ოთახი არქივად იყო ქცეული და იქ შესვლაც კი შეუძლებელი იყო. 

მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს და დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას მიმართეს, რომელმაც ბიბლიოთეკისთვის მაგიდები და სკამები შეიძინა.  მათ კი სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით ოთახი გამოათავისუფლეს, განაახლეს და შეღებეს თაროები, იატაკი, წიგნები აღწერეს და დაალაგეს და  კედლებიც მოხატეს. 

ამგვარად, დღეს ხაიშის საჯარო სკოლას უკვე აქვს მოსწავლეთა ძალისხმევით აღდგენილი ბიბლიოთეკა, სადაც არსებობს აქტიურ მკითხველთა კლუბი, რომლის წევრები სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად აქ ხშირად იკრიბებიან და სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ. ბიბლიოთეკით სარგებლობა თემის წევრებსაც შეუძლიათ.