ქვეყნის, საზოგადოების, სკოლის, ოჯახის ვალია აღზარდოს სრულყოფილი პიროვნება აღჭურვილი ცოდნით, უნარ-ჩვევებით, ღირებულებებით, პოზიტიური ცხოვრებისეული დამოკიდებულებებით და აქტიური მოქალაქისთვის საჭირო თვისებებით.
სკოლა წარმოადგენს ქვეყნის მნიშვნელოვან საყრდენს, სწორედ სკოლაში უნდა მოხდეს აქტიური მოქალაქის აღზრდა და ჩამოყალიბება. სამოქალაქო განათლების საშუალებით ხდება აქტიური მოქალაქის აღზრდა.
აქტიური მოქალაქეობა არის ადამიანის ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობებში და მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებებისა და კანონის პატივისცემის გზით და ძალადობის გარეშე.
რომელ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს აქტიური მოქალაქე?
რა ცოდნა და დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს მას?
როგორ ისწავლება სამოქალაქო განათლება?
აქტიური მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამოქალაქო, იურიდიული, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, სწორი არჩევანის გაკეთების უნარი. ზრუნავდეს საკუთარ თავზე, ოჯახზე, ქვეყანაზე. გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი მოვალეობები და შეეძლოს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა. გააჩნდეს კრიტიკული აზროვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეძლოს საზოგადოებრივი პრობლემების აღმოჩენა, მონაწილეობდეს გადაჭრის გზების ძიებაში და შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება. არ იყოს ინფორმაციის პასიური მიმღები, შეეძლოს ინფორმაციის ანალიზი და დასკვნების თავად გამოტანა. გააჩნდეს მშვიდობიანად თანაარსებობის უნარი, შეეძლოს კონფლიქტების მართვა.
ეს არის აქტიურ მოქალაქის უნარ-ჩვევების არასრული ჩამონათვალი.
აღნიშნული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეები იღებენ ცოდნას პოლიტიკური და იურიდიული, სოციალური და კულტურული, ეკონომიკური წიგნიერების შესახებ.
აღნიშნული ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება ხდება სწავლა-სწავლების ინტერაქტიული მეთოდების – დისკუსიების, დებატების, პროექტული სწავლების გამოყენებით, რაც ხელს უწყობს ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკულად დაუფლებას.