მარი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა და ამ დროისათვის 17 სხვადასხვა პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რის გამოც, საკუთარ თემში, მეგობრებთან ერთად, არაფორმალური კლუბები დააარსა. ასევე, სკოლის მასშტაბით ჩაატარა ინტელექტუალური თამაშები “რა? სად? როდის?” და “წიგნების თარო”, რამაც მოსწავლეებისა და მასწავლებლების დიდი ჩართულობა გამოიწვია.

მარი ამბობს, რომ მის ინიციატივებს მუდამ მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი: “ჩემი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ყოველთვის გვატყობინებს, როდესაც რაიმე ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება მოსწავლეებისთვის. გვეკითხება, თუ რა გვჭირდება და რითი შეუძლია ჩვენი დახმარება. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ის ჩემთვის საუკეთესო და მისაბაძი პედაგოგი და პიროვნებაა.”