თელავის ევროპული სკოლის მოსწავლეები PH International -ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ მცირე გრანტის პროექტს „გიდების კლუბი“. კლუბის შექმნის მიზანია, მოამზადოს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შეძლებენ თელავსა და მის შემოგარენში მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს.
ეს სერვისი გათვლილია ინდივიდუალური ან მცირერიცხოვანი ტურისტული ჯგუფებისთვის. მოსწავლეები მათ შესთავაზებენ კარგად ორგანიზებულ და იაფ მომსახურებას.
კლუბში, ასევე, გათვალისწინებულია მოსწავლეთა მშობლების და თემის სხვა წევრების გაერთიანება. პროექტის ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოიყო შესაბამისი ფართი „გიდების კლუბის“ ოფისის მოსაწყობად და სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
აქვე განთავსდა გრანტით შეძენილი კლუბის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა. კერძოდ, კომპიუტერი და ფერადი პრინტერი. შემუშავდა 3 მარშრუტი, მოძიებულ და დამუშავებული იქნა მასალები მარშრუტებში დაგეგმილი ღირსშესანიშნაობების შესახებ. მოსწავლეებმა შექმნეს კლუბის საინფორმაციო ბროშურის მაკეტი და ბლოგი-tesguidesclub.worldpress.com, ასევე ფეისბუქი – TES Guides Club და ელ-ფოსტა: tesguidesclub@gmail.com. კლუბი აგრძელებს პროექტის განხორციელებას. ოქტომბრის ბოლოსთვის დაიბეჭდება ბროშურები და შერჩეული თემის წევრებით შეივსება კლუბის შემადგენლობა. ნოემბერში ჩატარდება შეხვედრები მშობლებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. ასევე, მოხდება საინფორმაციო ბროშურების გავრცელება თელავის და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების საინფორმაციო ცენტრებში. პროექტის დასრულების შემდეგ, თელავში შეიქმნება ახალგაზრდა გიდების ჯგუფი, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად დახვდნენ და მოემსახურონ ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, თელავში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს.