ქარელის მუნიციპალიტეტის მოხისის, ქვენატკოცის სკოლების და ქარელის გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელეს პროექტი „სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“. პროექტის იდეა ახალგაზრდულ ფორუმზე იყო ინიცირებული და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
თავდაპირველად, სკოლებში ბიოლოგიის პედაგოგმა ჩაატარა სემინარი ეკოლოგიის და გარემოს დაცვის საკითხებზე, ხოლო მოწვეულმა სამართალდამცველი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ რა სახის ჯარიმები ეკისრებათ ადამიანებს გარემოს დანაგვიანებისა და ზიანის მიყენებისთვის.მოსწავლეებმა ფოტოზე აღბეჭდეს დანაგვიანებული ადგილები თემში, შეხვდნენ მოსახლეობას და მოუწოდეს არ დაანაგვიანონ ქუჩები, მდინარის სანაპიროები, სკოლისმიმდებარე ტერიტორია და მოაწყვეს დასუფთავების აქცია.სკოლებში დაიდგა მწვანე ყუთები მაკულატურის შესაგროვებლად და მის წიგნებში გადასაცვლელად, მოეწყო გარემოს დაცვის თემაზე ნახატების გამოფენა. სოფელში მოიხატა ნაგვის ურნები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების, პედაგოგების ინიციატივით განხორციელდა ერთობლივი გასვლითი ღონისძიება -„დავასუფთაოთ ჩვენი გარემო“ ქარელის მუნიციპალიტეტის ისტორიულ და ტურისტებისთვის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სადაც ერთობლივი ძალისხმევით მოხდა გარემოს დასუფთავება.სკოლების ქვენატკოცის, მოხისის და ქარელის სკოლა-გიმნაზიის ეზოში მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების და თემის აქტიური ჩართულობით სკოლის ტერიტორიებზე მოეწყო სკვერები, შეიღება მეორედი საბურავები და მასში დაირგო ყვავილები, დაიდგა სკამები, დაირგო მარადმწვანე და დეკორატიული ნერგები, რომელიც უსასყიდლოდ გადასცა გორის სანერგე მეურნეობამ.როგორც ქვენატკოცის სკოლის დირექტორი ქ-ნ ცირა თურმანიძემ აღნიშნა: „პროექტის განხორციელებით ამაღლდა მოსწავლეთა და მოქალაქეთა ცნობიერება გარემოს დაცვის საკითხებში, გაიზარდა თემის ჩართულობა ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში, სამი სკოლის ეზოში მოეწყო სკვერი, გამწვანდა და გალამაზდა სკოლის ეზო.“