2017 წლის 13 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი ტომას მორისი და სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე.კონფერენციის სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ.

კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალის დროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი.კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).