სოფელ ოზურგეთის, ქვედა ბახვისა და მაკვანეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა და მეურვე პედაგოგებმა განახორციელეს ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ინიცირებული პროექტი ,,ერთად დავიცვათ გარემო’’. პროექტის მიზანი იყო მოსახლეობის ეკოლოგიის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლება, ხელოვნური ნაგავსაყრელების გაუქმება და ქარსაცავი ზოლის აღდგენა.

მოსწავლეებმა მონაწილე სკოლებში ჩამოაყალიბეს ეკოკლუბები, მოეწყო შეხვედრები პოტენციურ მხარდამჭერებთან რესურსების მოძიების მიზნით, დამზადდა და მოსახლეობაში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები, ბანერისთვის საუკეთესო სლოგანის გამოსავლენად ჩატარდა შიდასასკოლო კონკურსები, სოფლის ტერიტორიებზე მოწყობილ ხელოვნურ ნაგავსაყრელებთან განთავსდა ბანერები, ჩატარდა გამწვანების აქციები. საპროექტო ინიციატივის ფარგლებში კლუბებმა ითანამშრომლეს გამგებლის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უზრუნველყვეს მასალები ბანერების დასამზადებლად და მოხალისეობრივად ჩართეს მუშახელი ბანერების დამონტაჟების პროცესში.

ასევე უზრუნველყვეს ტექნიკა ნაგვის ნარჩენების გასატანად; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კლუბებს შეუძინა ლითონის მილები ბანერის დასადგმელად. თანამშრომლობა შედგა ადგილობრივი კერძო ბიზნესის წარმომადგენელთან შ.პ.ს.

,,ვასაძის პური“, რომელმაც მაკვანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ,,ოცდამეერთე“ გადასცა თანხა საინფორმაციო ბანერების დასამზადებელი მასალების შესაძენად. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს ,,მთიები“ გამწვანებისთვის გადასცა ნერგები.