ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი ,,ყველა თანასწორნი ვართ“. პროექტის მიზანი სკოლაში პანდუსის მონტაჟი და შშმ მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა გახლდათ.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა პანდუსი და შეიძინეს ფოტო კამერა. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა წერილობითი თხოვნის საფუძველზე მონაწილეობა მიიღო პანდუსის მონტაჟის სამუშაოებში.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კვლევა ,,რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობა“, მოსწავლეები შეხვდნენ ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარეს თამაზ მჟავანაძეს, ჩატარდა ტრენინგი, მოეწყო ვიზიტი ბათუმის დღის ცენტრის ბენეფიციარებთან, სადაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მოეწყო სხვადასხვა აქტივობა. ასევე დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც თემში გავრცელდა.
30 მარტს სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მოაწყვეს შშმ მოსწავლეებთან ერთად მომზადებული ნახატების გამოფენა. მოეწყო პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო რგოლის ჩვენება. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კოორდინატორი ინგა ქიბროწაშვილი, პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლები, ქობულეთის რაიონის სოციალური სააგენტოს და თვითმმართველობის, ორგანიზაციის „მშობელი“ წარმომადგენელები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის და დღის ცენტრის ფსიქოლოგი ვახტანგ ლიპარტია.