2017 წლის 23 მარტს ქ. თბილისის №155 საჯარო სკოლაში  სამოქალაქო განათლების კლუბის „მოდერნი“ წევრმა მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის „ძველი ბიბლიოთეკის ახალი სიცოცხლე” შედეგები შეაჯამეს.

მოსწავლეებმა  საზეიმოდ გახსნეს განახლებული სკოლის ბიბლიოთეკა და წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული საქმიანობები. პროექტის მიზანი  სკოლაში არსებული ბიბლიოთეკის განახლება და მოსწავლეებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია გახლდათ.

პროექტი დაფინანსდა PH International-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალური მერიის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ერთობლივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. კლუბის წევრებმა, თავდაპირველად  სკოლაში თანატოლთა გამოკითხვა ჩაატარეს, რათა დაედგინათ ბიბლიოთეკის რეგულარული მომხმარებელთა რიცხვი და  მოსწავლეებისათვის საინტერესო წიგნები.

მოსწავლეებმა მცირე გრანტების ფარგლებში  შეიძინეს ახალი ინვენტარი. ასევე, განაახლეს   ძველი კარადები. მოსწავლეებმა ა თავად მოხატეს ძველი თაროები, რამაც ბევრად გაახალისა ბიბლიოთეკის ატმოსფერო. კლუბის წევრებმა გადაარჩიეს წიგნები და  დაზიანებულ წიგნებს თავად აღუდგინეს ყდები. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ხლუსიძე, სკოლის ადმინისტრაცია და  მოსწავლეთა მშობლები. მშობლები  მონაწილეობდნენ მაკულატურის შეგროვების და  ახალ წიგნებში გადაცვლის  აქციაში. მაკულატურის გადაცვლით მოპოვებული წიგნებიც სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკას შეემატა. მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, მოეწყო შეხვედრები თანამედროვე ავტორებთან, რომლებიც მოზარდებს  კითხვის აუცილებლობაზე და ლიტერატურის გავლენაზე ესაუბრნენ. იმისთვის, რომ ბიბლიოთეკა ინფორმაციის მოპოვებისთვისაც უფრო კომფორტული გამხდარიყო მოსწავლეებმა გრანტის ფარგლებში ნოუთბუქი შეიძინეს, რომელიც განახლებულ ბიბლიოთეკაში განათავსეს და მასში ელექტრონული წიგნებიც ჩაწერეს. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლიტერატურული კონკურსი ჩაატარეს. კონკურსში სამი გუნდი იღებდა მონაწილეობას და ერთმანეთს სხვადასხვა ავტორების თუ ნაწარმოებების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული გუნდის წევრებს სერთიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდნენ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის და დიდუბე-ჩუღურეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.