2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა დღეებთან დაკავშირებით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა დისკუსია ,,რატომ არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვანი?“ დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ თავიანთ სფეროში წარმატებული ქალბატონები გენდერის სპეციალისტი და პოლიტიკოსი ლელა სებუა, ახალგაზრდა ქრისტინე მაღლაკელიძე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი ნატალი პატარიძე, მხატვარი ქრისტინე რობაქიძე, ასევე ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. დისკუსიას უძღვებოდნენ ნ.
ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის წევრები სერგი ყურაშვილი და გვანცა გეგუჩაძე. დისკუსიის პარალელურად ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან პარტნიორობით გაიმართა გამოფენა ,,50 ქალი საქართველოდან“.
,,ხშირად სწორედ ასეთი შეხვედრებიდან იწყება ცხოვრების ახლებურად ხედვა და აღქმა, იმსხვრევა სტერეოტიპები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ ყველა იმ თემაზე საუბარი რაც ქალთა საკითხებს ეხება.“ – განაცხადა ლელა სებუამ.
,,საინტერესო შეხვედრა იყო და უფრო საინტერესო გამოფენა, ამ გამოფენიდან 50 წარმატებული ქალბატონის შესახებ შევიტყეთ, მართლა არ ვიცოდი, რომ ამდენი გმირი და თავისი საქმის პროფესიონალი ქართველი ქალი თუ გვყავდა“ – განაცხადა ნინია კიკაჩეიშვილმა, ქუთაისის მე–14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.