ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,წიგნი – ჩვენი მეგობარი“. პროექტის ფარგლებში განახლდა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, შეიქმნა მკითხველთა კლუბი ,,წიგნის ქურდები“, მოსწავლეებმა ცოდნა, გამოცდილება და ახალი უნარ–ჩვევები შეიძინეს.
პროექტს მხარი დაუჭირა სკოლის დირექციამ – გაარემონტა და განაახლა ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი ოთახი, გრანტის თანხით ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამდიდრდა. აქციამ, რომელშიც ხარაგაულის ცენტრალური და საბავშვო ბიბლიოთეკები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და თემის წევრები ჩაერთნენ, დამატებით 50 წიგნი შემატა გიმნაზიას.
მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, სადაც გაეცნენ ბიბლიოთეკარის პროფესიას, დაათვალიერეს ინოვაციების ცენტრი. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ,,რამდენად ვკითხულობთ წიგნს“; მოაწყვეს დისკუსია ,,როგორ გავიღრმაოთ წიგნის კითხვის კულტურა“; შექმნეს ბუკლეტი ,,რომელ ასაკში, რა წავიკითხოთ“ და გადაიღეს ვიდეო რგოლი.
,,სკოლაში მკითხველთა კლუბი გააგრძელებს ფუნქციონირებას, თვეში ერთხელ მოეწყობა შეხვედრები, დისკუსიები, მასში მასწავლებლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას. აგრეთვე გაგრძელდება სკოლამდელ აღსაზრდელებთან “ზღაპრის საათის” ჩატარება. მოსწავლეები ჩაერთვებიან ცენტრალური ბიბლიოთეკის სხვადასხვა ღონისძიებებში. სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოხდება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მუდმივი განახლება.“ – განაცხადა მარინე მუმლაძემ, გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.