გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებმა  გადაწყვიტეს დახმარებოდნენ შეჭირვებულ ადამიანებს მათი საჭიროების მოგვარებაში. მოსწავლეებმა ტელევიზიით გაიგეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები სიფრაშვილების 8 სულიანი ოჯახის გასაჭირის შესახებ  და გადაწყვიტეს მათი დახმარება.

სკოლასა და თემში შეაგროვეს ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, სკოლაში შეგროვებული თანხით ასევე შეიძინეს საკვები პროდუქტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ჩასასვლელად ტრანსპორტის გამოყოფისთვის მიმართეს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს ბ-ნ პაატა ხიზანაშვილს.

გუბერნატორმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაავალა სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა და 28 იანვარს ახალი სამგორის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგ თემურ წიკლაურთან ერთად, ნობათით ეწვივნენ სიფრაშვილების ოჯახს. გადასცეს შეგროვებული ნივთები, გაუმართეს პატარა კონცერტი და კმაყოფილები თავიანთი ქველმოქმედებით, დაბრუნდნენ უკან.

მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს ინფორმაცია თავიანთ თემში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების შესახებ, რომლთა პრობლემის მოგვარებასაც  თავად  შეძლებდნენ. ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მოსწავლეებმა  97 წლის ლიზა აფციაურის გაუწიეს დახმარება. ქალბატონს არავინ ყავს დამხმარე და ზამთრის ცივ დღეებში ვერ ახერხებს შეშის დამზადებას და ცივ ოთახში უწევს ყოფნა. მოსწავლეებმა, უფროსების დახმარებით, მოხუცს შეშა დაუჩეხეს, სახლში შეუტანეს და დაუბინავეს. მოსწავლეები მომავალშიც გეგმავენ  სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას თემში უკეთესი გარემოს შესაქმნელად.