2017 წლის იანვრის ბოლოდან,   სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსწავლეების მონაწილეობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა  და გადაწყვეტილებების მქონე პირებთან ერთად  პრობლემის მოგვარების გზების მოძიება იყო.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. მოსწავლეთა ჯგუფებმა იმუშავეს თემში არსებული აქტუალური პრობლემების მოგვარებაზე და ფასილიტატორების დახმარებით  შეიმუშავეს საპროექტო იდეები – შიდა ქართლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები სოფლებში სკვერის მოწყობის და ნაგავსაყრელების მოწესრიგების შესახებ, ხოლო ქვემო ქართლის მოსწავლეებმა იმუშავეს მუნიციპალურ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვისა და ზოგიერთ თემში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნის აუცილებლობის საკითხებზე.

საპროექტო იდეები მოსწავლეებმა წარუდგინეს ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს -სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, რესურს ცენტრების წამომადგენლებს მხარდაჭერის მიზნით. სტუმრებმა  მოსწავლეების პრეზენტაციები  დადებითად შეაფასეს  და პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

თითოეულ პროექტს პროგრამა დააფინანსებს მცირე გრანტით, რაც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის  განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევაში. ახალგაზრდული ფორუმი გააშუქა ადგილობრივმა მედიამ. ახალგაზრდული ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გაიმართება სქართველოს ყველა რეგიონში. სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.