წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში მიმავალ გზაზე მეტი ხილვადობის და საგზაო უსაფრთხოების შექმნის საკითხებზე იზრუნეს, რადგან ეკალ-ბარდებით დაფარული მოსახვევები საფრთხეს უქმნიდა, როგორც სკოლისაკენ მიმავალ მოსწავლეებს, ასევე თემის წევრებს. აღნიშნული მონაკვეთების გაწმენდა-გაკაფვის შემდეგ მოსწავლეებმა სკოლის ეზოც დაასუფთავეს და საფეხმავლო ბილიკი მოაწყვეს.
მოსწავლეთა ინიციატივას თემის წარმომდგენელმა დაუჭირა მხარი და სკოლის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული სანიაღვრე არხი შეცვალა და შეაკეთა. მოსწავლეებმა თემში ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე: „რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს და როგორ შეგვიძლია ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება“.
საგზაო უსაფრთხოების კამპანია აქციით დასრულდა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა თემში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს მოწოდებით: იარე ნელა! ფრთხილად, წინ ქვეითად მოსიარულეა! არ დაჯდე საჭესთან ნასვამი! საზოგადოებისა და თანატოლების მეტი ინფორმირებისთვის მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეო რგოლი თემასთან დაკავშირებით და გაავრცელეს სოციალური მედიის მეშვეობით.