2016 წლის 15 დეკემბერს, ახალქალაქში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა გახსნა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, პროექტის „მომავლის თაობა“ კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, მზია ინასარიძემ და საანგარიშო პერიოდში პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ნინო ნადირაძემ რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების პრეზენტაცია გააკეთა. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იყო მიმდინარე საგრანტო პროექტები და ინიციატივები:

„ჩვენ წარმოვადგინეთ საკლასო პროექტის პრეზენტაცია.

პროექტი თემაზე: “ჩვენ ვიცავთ კანონს“, რაც გულისხმობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, გარემოსდაცვითი საკითხების წამოწევასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულმა განყოფილებამ მზადყოფნა გამოთქვა, პროექტის დასრულების შემდეგაც, დახმარება გაუწიოს ჩვენს ინიციატივებს” – სთქვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ივ.

ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ საბა ონიკაძემ. ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდრიასის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საკლასო პროექტის – „ინტეგრაცია = წარმატებას“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. საუკეთესო ინიციატივა წარმოადგინა, ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის „მზექა“ მოსწავლემ, რომელმაც, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაატარა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დამხმარე სახელმძღვანელოების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული საკლასო ღონისძიებები წარმოადგინეს, რომელიც საკუთარ თემში განახორციელეს. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაქალაქევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, მოაწყეს შეხვედრა სტუმართან თემაზე: „უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება“, რის შემდეგაც დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი ასპინძის სამართალდამცავ ორგანოში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების წარმომადგენელმა ნინო ავეტესიანმა სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებს მოუწოდა ქართული ენის უკეთ სწავლა, რადგან თვითონაც ეროვნებით სომეხია და დღეს საშუალება აქვს იმუშაოს საქართველოში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე, ქალბატონმა ნინომ მონაწილე სკოლებს საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა გადასცა. ახალქალაქის გამგეობის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა ოლგა მელიქიძემ ისაუბრა სამოქალაქო პროგრამაში ადგილობრივ თვითმმართველობის მონაწილეობაზე. ღონისძიების დასასრულს, ორგანიზაცია PH International -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, რომლებსაც პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მოწვეულ სტუმრებს პროგრამაში აქტიურად ჩართულობისათვის და მხარდაჭერისათვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრის დასასრულს წარმატებული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებისათვის სკოლები მადლიერების სერტიფიკატებით დააჯილდოვა. სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალურ შენობაში „მომავლის სახლი“ გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და ადგილობრივი მედია.