თბილისის №217 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “პაი” წევრებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმეს ინიციატივა სახელწოდებით “შიდსი არ არის განაჩენი!”, რომლის მიზანიც მოსწავლეებსა და პედაგოგებში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახლდათ.
თავდაპირველად, კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა, თუ რამდენად სწორ ინფორმაციას ფლობდნენ მოსწავლეები შიდსთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ კლუბის წევრებმა დაიწყეს ზრუნვა თანატოლებში შიდსის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
კლუბის წევრებმა მოამზადეს საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომელიც წარუდგინეს მოსწავლეებს და გარდა ამისა, სოციალური მედიის მეშვეობითაც გაავრცელეს. ასევე, სკოლაში ჩაატარეს პრეზენტაცია, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, კლუბის წევრების გარდა, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს.
ორგანიზატორებმა თანატოლებს და პედაგოგებს შიდსთან დაკავშირებით საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გააცნეს. სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციტივით სკოლაში, ასევე, ჩატარდა პოსტერების კონკურსი, რომელთა მთავარი გზავნილიც შიდსთან დაკავშირებული სტიგმის დამარცხება იყო. მოსწავლეებს, სოლიდარობის ნიშნად, მთელი დღის განმავლობაში ეკეთათ სამკერდე ნიშნები.