ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, განახორციელეს პროექტი ,,ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ მომავალს!“ მოსწავლეებმა სკოლაში მოიწვიეს ექიმი ფსიქიატრი და ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ისაუბრეს მავნე ჩვევებზე, შიდსისა და სხვა დაავადებების პრევენციის შესახებ. შემდეგ ნაჩვენები იყო თემატური ფილმი და გაიმართა დისკუსია.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების ორგანიზებით ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში და ექსკურსია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სპორტის მუზეუმი. სკოლის საბავშვო ფილმების სტუდიაში ,,კადრი2“ მეათეკლასელმა თეკლა ლომიძემ გადაიღო 5 წუთიანი ფილმი, რომელშიც ასახა თანაკლასელების სპორტული ცხოვრება.

სკოლის დირექციამ ფილმი წარადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსზე. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ გაუზიარეს სკოლის სხვა მოსწავლეებს.