2016 წლის  11 ნოემბერს,  ბათუმში  გაიმართა სამოქალაქო კლუბების კონფერენცია, რომელსაც  ესწრებოდა 15 პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენელი, კლუბის ლიდერი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და კლუბების ახალი წევრები. კონფერენციაზე ხაზი გაესვა სამოქალაქო განათლების სწავლების საჭიროებას და სამოქალაქო კლუბების მუშაობის გაძლიერებას.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აღნიშნეს „ინსტრუქციები სასკოლო სამოქალაქო კლუბის მუშაობისთვის“ ბარათების ეფექტურობა. სამოქალაქო განათლების კლუბების ახალ წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი აღნიშნული ბარათების გამოყენების შესახებ.

მცირე ჯგუფებში მომზადდა პრეზენტაციები, რომელიც წარედგინათ კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციის სპეციალური სტუმრები იყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტები ინდოეთიდან, რომლებმაც წარმოადგინეს სპეციალური პრეზენტაცია ინდოეთის კულტურაზე და ინდოეთში სამოქალაქო განათლების საჭიროებაზე.

ასევე მათ უპასუხეს სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში ნაჩვენები იყო კულტურათა მრავალფეროვნება. შეხვედრის მსვლელობისას, სამოქალაქო კლუბის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი განახორციელონ ერთობლივი ინიციატივები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა გაზეთ “აჭარის“ ჟურნალისტი. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.