2016 წლის 2 ნოემბერს გოგიტა კიკნაძის სახელობის, თბილისის №182 საჯარო სკოლაში პროექტის – „შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერის გარეშე“, რომლის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები №182 საჯარო სკოლის მოსწავლეები და დღის ცენტრის „მზის სივრცე“ აღსაზრდელები იყვნენ.
მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მრავალი ერთობლივი აქტივობა განხორციელდა. ახალგაზრდები ეწვივნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სადაც სპექტაკლი „კუკარაჩა“ იხილეს, ერთობლივმა ვიზიტმა ხელი შეუწყო მათ დაახლოებას.
დაწყებული მეგობრობა საქველმოქმედო აქციით გაგრძელდა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა №182 საჯარო სკოლაში წიგნები, საკანცელარიო ნივთები და განმავითარებელი სათამაშოები შეაგროვეს. აქციის შემდეგ მოსწავლეები დღის ცენტრს „მზის სივრცე“ ესტუმრნენ, მათ ბენეფიციარებს საკუთარი სპექტაკლი წარუდგინეს და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები გადასცეს.
ურთიერთობა ამით არ დასრულებულა და წინა აქტივობებს “მზის სივრცის” აღსაზრდელების №182 საჯარო სკოლაში ვიზიტი მოჰყვა, რომლის დროსაც ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ასევე, მოწვეული იყო საბავშვო მწერალი გიორგი ჭაუჭიძე, რომელმაც ბავშვებს თავისი მოთხრობა წაუკითხა. მოთხრობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე და ბავშვებმა მოთხრობის პერსონაჟების ილუსტრაციების შექმნა გადაწყვიტეს. ასევე, აღსანიშნავია ტრენინგი სახელწოდებით „როგორ უნდა შეუწყოს ხელი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას მშობელმა“. ტრენინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრმა, ფსიქოლოგმა – ნინო ჩხვიმიანმა პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ჩაატარა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია, გაიმართა „მხიარული სტარტები“, მოეწყო შშმ ბავშვების ნახატების გამოფენა და, რაც მთავარია, №182 საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა თაბუაშვილმა გახსნა სკოლის რესურს ოთახი, რომელსაც ინკლუზიურ პროგრამაში ჩართული მოსწავლეები გამოიყენებენ. რესურს ოთახი პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერის გარეშე“ ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციამ განაახლა. პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობები ბარიერის გარეშე“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა ფარგლებში. მოსწავლეთა პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.