2016 წლის 4 ნოემბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ვიქტორინა სამოქალაქო განათლების საკითხებზე, გორის და გორის მუნიციპალიტეტის 7 სკოლის გუნდებს შორის. ვიქტორინის მიზანი იყო სამოქალაქო განათლების სწავლების პოპულარიზაცია.
კითხვები შერჩეული იყო სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოდან „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, სამოქალაქო განათლების პედაგოგების მიერ. ვიქტორინა 3 ტურისგან შედგებოდა.
გუნდებს ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელსაც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი ნონა ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა. თითოეული კითხვის ირგვლივ პედაგოგები შესაბამის განმარტებებს და სწორ და ამომწურავ ინფორმაციასაც აწვდიდნენ მოსწავლეებს.
ჟიურის წევრებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება და აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას, გაკვეთილზე ნასწავლის განმტკიცებას და სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების მიზნობრივ გამოყენებას. „დღეს ყველაზე ნაყოფიერი დღე იყო. ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი აიღო ვიქტორინაში, რომელიც ჩვენი ჯგუფის წევრების დამსახურებაა, რადგან ჩვენ ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით გავაკეთეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. შეიძლება ეს არც ისე დიდი გამარჯვებაა მაგრამ ყველაფერი აქედან იწყება, ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ“ – აღნიშნეს გორის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეებმა.