2016 წლის 27 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა მოსწავლეთა მიერ ინიცირებული პროექტის „სამოქალაქო ინიციატივების ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია. პროექტი გულისხმობს ბლოგის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივებისა და პროექტების შესახებ.
ბლოგზე მოხდება მოსწავლეების იდეების გაცვლა და ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვა. ბლოგზე გააქტიურებული იქნება გამოკითხვის სისტემა, რაც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას ჩაერთონ ამა თუ იმ ინიციატივაში მათთვის საინტერესო თემის მიხედვით.
ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდას და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნეს.
მოეწყო სკოლების მიერ განხორციელებული ინიციატივების ფოტო გამოფენა. შეხვედრის მსვლელობისას, მოწვეულმა ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონის პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია და PH International-ის წარმომადგენელი. დასასრულს წარმატებულ მოსწავლეებს და პედაგოგებს სერთიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება გააშუქა რადიო „აჭარამ“. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“, ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. აჭარის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.