2016 წლის 20 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლაში რესურს ოთახი გაიხსნა, რომლითაც სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ისარგებლებენ. შშმ მოსწავლეებს ფუნქციური უნარების განვითარების მიზნით რესურს ოთახი სხვადასხვა ადაპტური ავეჯით და განმავითარებელი საშუალებებით არის აღჭურვილი.

ღონისძიება ფლეშმობით დაიწყო და მასში ბანოჯის საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ფლეშმობის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს თანასწორობისა და ხელმისაწვდომი გარემოს თემაზე შექმნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.

გაიმართა პროექტის ,,ადაპტირებული გარემო ჩვენ თანასწორები ვართ” შემაჯამებელი პრეზენტაცია და პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლის ჩვენება. ღონისძიება დასრულდა სამოქალაქო კლუბის მიერ მომზადებული მუსიკალური ნომრით.

,,არც ველოდი და ვერც წარმომედგინა, ასეთი ღონისძიება თუ დამხვდებოდა, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამ პროექტში ჩართულ ყველა მხარეს, ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მოსწავლეთა ყველა საინტერესო ინიციატივას“ განაცხადა წყალტუბოს გამგებლის მოადგილემ რევაზ მესხმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო“ აღსაზრდელები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ მესხი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებული ბანოჯაში ამირან ბალანჩივაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ნათია გახოკიძე, ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის;; წარმომადგენელი თეიმურაზ გიგაური, პროგრამის „მომავლის თაობა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მანანა ყუბანეიშვილი და მცირე გრანტების მენეჯერი ინგა ქიბროწაშვილი. ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ. პროექტი ,,ადაპტირებული გარემო ჩვენ თანასწორნი ვართ“ განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა ფარგლებში. მოსწავლეთა პროექტი დაფინანსდა ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ. პროგრამას „მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროგრამას პარტნიორობას უწევს ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.