ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლაში რესურს ოთახი საზეიმო ვითარებაში “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ წარმომადგენელმა გახსნა. ოთახი პროექტის ,,თანადგომა“ ფარგლებში შეიქმნა და ადაპტური ინვენტარით აღიჭურვა.

პროექტის ფარგლებში სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ჯერ ხელის დაბანის წესების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, შემდეგ კი მხიარული სტარტები. ღონისძიებებში შშმ ბავშვები იყვნენ ჩართულები.

სპეციალურად ამ დღეს მოსწავლეებმა თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ,,საპოვნელას“ აღსაზრდელებიც მოიწვიეს. ,,სკოლაში რამდენიმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე გვყავს, ამიტომაც გვქონდა რესურსს ოთახის საჭიროება, პროექტის ფარგლებში შევძელით და დღეს უკვე გვაქვს ადაპტური ავეჯითა და განმავითარებლებით აღჭურვილი სივრცე, განაცხადა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ციური ნებიერიძემ.

პროექტი ,,თანადგომა“ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზაცია ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.