2016 წლის 26 აპრილს, ბათუმში გაიმართა შეხვედრა – „სამოქალაქო განათლების გაკვეთილიდან წარმატებულ აქტიურ მოქალაქეობამდე“. შეხვედრას ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პროექტული სწავლების მეთოდების გაზიარება იყო. ღონისძიებაზე სოფელი დაგვას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა X კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა სამოდელო სამოქალაქო განათლების გაკვეთილი.

გაკვეთილზე განხილული იყო პროექტული სწავლება. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, დაგეგმეს და წარმოადგინეს საკლასო პროექტები ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის, შშმ პირების უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდის და ცხოველების უფლებების დაცვის მიმართულებით.

მოსწავლეებმა ეფექტურად წარმოადგინეს მათ მიერ ინიცირებული საკლასო პროექტები და ღონისძიების მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს და შენიშვნებს წარმატებით გაართვეს თავი. „მიხარია, რომ გაკვეთილის მიზანს წარმატებით მივაღწიე და მოსწავლეებმაც წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს. დღევანდელი ღონისძიება ჩემი ინიციატივით მოეწყო, რადგან დიდი სურვილი მქონდა პედაგოგთა ბანაკში მონაწილეობის შემდეგ, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემი კოლეგებისათვის გამეზიარებინა. სამწუხაროდ, ყველა მათგანს არ ჰქონდა ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთვლი, რომ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილით სრულად მივაწოდე ინფორმაცია გაკვეთილის სწორად დაგეგმვის და პროექტული სწავლების მეთოდების შესახებ. დიდ მადლობას ვუხდი პარტნიორ ორგანიზაციას დახმარებისთვის და მოწვეულ პედაგოგებს და მოსწავლეებს, რომლებიც ასე დაინტერესდნენ და დადებითად შეაფასეს ჩემი გაკვეთილი,“ სთქვა დაგვას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია კიკნაძემ. ღონისძიებაზე მოწვეული სამოქალაქო განათლების პედაგოგები პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. ღონისძიება გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ. http://ajaratv.ge/news/ge/713/treningi-samoqalaqo-ganatlebashi.html