2016 წლის 28 მარტს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი „მომავალი თაობა დემოკრატიული მშენებლობის პროცესში“ შეაჯამეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა იყო.

მოსწავლეები ამ მიზნის მისაღწევად გაეცნენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების წესებს, საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვის აუცილებლობას, დემოკრატიული სახელმწოფოს მახასიათებლებს, ხელისუფლების სამი შტოს უფლებამოსილებას. შემაჯამებელ ღონისძიებას მოწვეული სტუმრები – ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის: სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი დავით სულაქველიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმედა ბებიაშვილი, ზესტაფონის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე კახნიაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები. მოსწავლეებმა სტუმრებს შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დანაშაულის, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების, გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობის და სხვა საინტერესო თემებით დაინტერესდნენ.