2016 წლის 29 მარტს თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ქ-ნ თამარ ტალიაშვილს და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდნენ. მოსწავლეებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობაში თამარ მეფის სახელობის ცენტრალური და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზები, აზიური ოთახი და წარმომადგენლობითი ორგანოს ძველი ფოტოები დაათვალიერეს.

მასპინძლებმა სტუმრებს შენობის მოკლე ისტორია უამბეს და თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად განუმარტეს. შემდეგ შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მოსწავლეებმა საკრებულოს წევრებისთვის განკუთვნილი ადგილები დაიკავეს და დეპუტატებს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს. შეხვედრის დასასრულს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის, მიმდინარე პროექტების და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მოსწავლეების ინფორმირების მიზნით, განათლებისა და კულტურის კომისია მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მოსწავლეებთან სისტემატიურად გამართავს.