დაბა ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ თამარ კურტანიძესთან ერთად, მცირე გრანტის პროექტის ,,ბავშვები ბავშვებისთვის“ განხორციელების პროცესში ითანამშრომლეს ადგილობრივ მედიასთან ,,გურია ნიუსი“, რომლის ოპერატორმა მოსწავლეებს შეასწავლა მარტივი ვიდეოს გადაღების და დამონტაჟების წესები. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებმა მოამზადეს 2 ვიდეოფილმი ტრეფიკინგის თემაზე.
ამავე გაზეთმა უსასყიდლოდ გამოაქვეყნა მოსწავლეების მიერ მომზადებული სტატია ,,ჩვენ – ტრეფიკინგის წინააღმდეგ“. პროექტის ,,ბავშვები ბავშვებისთვის“ მიზანი ტრეფიკინგის პრევენციის ხელშეწყობა იყო დაბა ჩოხატაურში.
პროექტის მსვლელობის დროს ჩატარდა შეხვედრები და საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობაში ტრეფიკინგის საკითხებზე ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. მომზადდა 2 ფილმი, ვიდეოინტერვიუები, საინფორმაციო ბროშურები და სტატია.
გრანტის თანხით მოხდა ვიდეოკამერის შეძენა, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, მომავალშიც მოამზადონ ფილმები და ვიდეოინტერვიუები გამოვლენილ აქტუალურ საკითხებზე.