საკრამულის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მცირე გრანტის პროექტი ,,წიგნი ყველგან და ყოველთვის!“ პროექტის მიზანი სკოლის ბიბლიოთეკის მწირი და მოძველებული ფონდის განახლება იყო. მოსწავლეებმა, წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, შეადგინეს შესაძენი წიგნების სია.

პროექტის ფარგლებში შეიძინეს 59 დასახელების წიგნი, რომელიც უკვე ბიბლიოთეკაშია და ყველას შეუძლია მათი წაკითხვა. სკოლაში ჩატარდა წიგნის კვირეული, შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და კონფერენცია თემაზე ,,თუ კაცსა ცოდნა არა აქვს“.

შეიქმნა ფეისბუქის გვერდი, რომელზეც სისტემატურად ვრცელდება ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის და სხვა სასკოლო საქმიანობის შესახებ, მომზადდა კედლის გაზეთი, ბიბლიოთეკაში არსებულ დაძველებულ წიგნებს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოსწავლეებმა გაავრცელეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და დაიწყეს წიგნების შეგროვება თემში.

ამჟამად, თემიდან ბიბლიოთეკა უკვე 40 წიგნით შეივსო, პროცესი კიდევ გრძელდება. მიღწეულია პროექტის მიზანი: სკოლის ბიბლიოთეკის ფონდი შეივსო და განახლდა, მოსწავლეებს განუვითარდათ წიგნისადმი ინტერესი, სამოქალაქო აქტივობის და თანამშრომლობის უნარები. „დიდი ხანია გვინდოდა სკოლაში ახალი საკითხავი ლიტერატურა გვქონოდა. ჩვენი პროექტით შეძენილი წიგნები მარტო ჩვენ კი არ გამოგვადგება, ისინი ხელმისაწვდომი იქნება სკოლის კიდევ რამდენიმე თაობისთვის, ისინიც დიდ სარგებელს მიიღებენ ამ წიგნებით. გვიხარია, რომ ერთი კარგი საქმე გავაკეთეთ და მომავალში სხვა პრობლემების მოგვარებაზეც ვიზრუნებთ“ – სთქვა ლაშა აბრამაშვილმა, საკრამულის საჯარო სკოლის მოსწავლემ.