სკოლა „ივერონის” სამოქალაქო განათლების კლუბმა განახორციელა მცირე გრანტის პროექტი სახელწოდებით „მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის გარეთ“. პროექტის მიზანი სამანქანე გზებზე არსებული პრობლემებისგან მოსწავლეთა დაცვა და საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
სამოქალაქო კლუბის „ივერონი“ წევრებმა, 2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტამდე, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს. კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა მოსწავლეებში საგზაო ნიშნების ცოდნასთან დაკავშირებით.
მოიწვიეს სკოლის „საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების“ პედაგოგი, რომელმაც სკოლა „ივერონის” აღსაზრდელებს გააცნო საგზაო ნიშნები და მათი დაცვის აუცილებლობა. ასევე, კლუბ „ივერონის” წევრებმა მოსწავლეებისთვის ჩაატარეს თანატოლ განმანათლებელთა ტრენინგი საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში განსაკუთრებული მოწონება საგზაო ნიშნების ასფალტზე ხატვამ და ანიმაციური ვიდეორგოლების ჩვენებამ დაიმსახურა, რომლებიც საგზაო მოძრაობის დარღვევის სავალალო შედეგებს ასახავდა. პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრების ორგანიზებით I, III, IV კლასების მოსწავლეებს შორის ჩატარდა ნახატების კონკურსი სახელწოდებით „ფრთხილად, გზაზე პატარა მოქალაქეა“, გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო აქცია, რომლის დროსაც კლუბის წევრებმა თემში თემატური ფლაერები დაარიგეს. მოსწავლეები დაუკავშირდნენ შსს-ს საპატრულო დეპარტამენტს და მოიწვიეს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრწანისის პოლიციის უფროსი ლეიტენანტი პატრულ-ინსპექტორი ბატონი ლევან ნათიძე. საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორ უნდა აიცილოს გზებზე არსებული საფრთხე ფეხით მოსიარულემ და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის საგზაო ნიშნების ცოდნასა და მათ დაცვას. კლუბის წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. მოსწავლეებმა, სკოლა „ივერონის” ადმინისტრაციის დახმარებით, მერიის სატრანსპორტო სამსახურში შეიტანეს ადვოკატირების წერილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის, ე.წ. „ზებრა” გადასასვლელის დახაზვასთან დაკავშირებით. მერიიდან პასუხი უკვე მიიღეს და გადასასვლელი უახლოეს მომავალში დაიხაზება. სამოქალაქო განათლების კლუბის „ივერონი“ პროექტმა თემში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი დაწყებითი კლასების მოსწავლეები. საგზაო ნიშნების კუთხით მათი ცნობიერების დონე ძალიან გაიზარდა, რაც იყო კიდეც ამ პროექტის ერთერთი მიზანი. სკოლა „ივერონის” სამოქალაქო განათლების კლუბი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სათემო პრობლემებზე მუშაობას.