2016 წლის 9 მარტს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში ჩატარდა შეხვედრა წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან – მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომელ ნილუფერ კურბანოვასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრ თურაჯ იბრაგიმოვასთან. სტუმრებმა ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში, გაუზიარეს მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება, გაიხსენეს ცნობილი ქალები საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიიდან, ისაუბრეს განათლების მიღების და კარიერული წინსვლის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილე გოგონებმა გუნდებში მუშაობის შემდეგ წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე – რა სირთულეების წინაშე დგას დღესდღეობით მათ თემში ქალი, რა არის ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე, ისაუბრეს მათ მომავალ გეგმებზე, სავარაუდო მომავალ პროფესიებზე და გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები.

შეხვედრა აზერბაიჯანულ ენაზე ჩატარდა. ჩართულობის დონე ძალიან მაღალი იყო, გოგონები სტუმრებს მრავალ შეკითხვას უსვამდნენ და საკუთარ აზრებსაც თამამად, აქტიურად გამოხატავდნენ.

შეხვედრა გოგონებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. მათ აღნიშნეს, რომ სურთ გახდნენ საზოგადოების აქტიური წევრები და მოქალაქეები. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბების წევრი აქტიური გოგონები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ყულარის, ქვემო სარალის, თაქალოს, კირაჩმუღანლოს, კაჩაგანის №1 და კაჩაგანის № 2 საჯარო სკოლებიდან, სულ 43 მონაწილე.