2016 წლის 4-8 მარტს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს იყალთოში სასტუმრო „სავანეთი” მასპინძლობდა. პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო განათების სწავლებაში, მათ მიერ მიღწეული შედეგების და გამოცდილების გაზიარების პროცესში.
ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები სამოქალაქო განათლების სწავლებისას პროგრამის ფარგლებში შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენებით გაკვეთილის და საკლასო პროექტების დაგეგმვის საკითხებში. პედაგოგთა ბანაკის ტრენერი გახლდათ ქალბატონი ნინი ბესელია, ხოლო ბანაკის ტრენერფასილიტატორი ნათია ნამიჭეიშვილი.
„ემოციებით და შთაბეჭდილებებით დატვირთული ვარ, ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება ამ ბანაკის თანამონაწილე ვყოფილიყავი. მივდივარ ჩემს სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან ახალი ცოდნით დატვირთული, ხალისიანი, პოზიტიური, აქტიური გაკვეთილების ჩასატარებლად.
ბანაკში მონაწილეობა ჩემთვის, როგორც დამწყები პედაგოგისთვის, ბევრის მომცემია, რადგან ძალიან გამოცდილ და წარმატებულ ადამიანებთან მქონდა გამოცდილების გაზიარების და ურთიერთობის შესაძლებლობა. ნათლად ვხედავ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ-ფიქრია ჭიღვარია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. ბანაკს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ქ-ნი შორენა ბუხრაშვილი სტუმრობდა. მან პედაგოგებს თავის გამოცდილებაზე უამბო, თუ როგორ თანამშრომლობს პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ სკოლებთან და როგორ უჭერს მხარს ახალგაზრდებს სკოლისა და თემის პრობლემების გადასაჭრელად. ქალბატონმა შორენამ ახალი ინიციატივაც გააჟღერა, რომლის ფარგლებში იგი ქ. თბილისში პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებთან აქტიურად, სისტემატიურად ითანამშრომლებს ახალი იდეების და ინიციატივების მხარდასაჭერად.