2016 წლის 3 მარტს გორში, სუხიშვილების სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია “ქალი- წარსული და თანამედროვეობა”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, გორის მერიის, გორისა და კასპის გამგეობის, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე ხაშურის სკოლა-პანსიონის, კასპის სკოლა-გიმნაზიის, რუისის №3, ბერშუეთის და სურამის №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები ქალთა უფლებების, პოლიტიკაში ჩართულობის და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შესახებ. ისაუბრეს ქალის როლზე პოლიტიკაში და პირველ პოლიტიკოს ქალებზე.

კონფერენციის მომზადების პროცესში მონაწილეობდნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები. მათ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი გენდერული სტერეოტიპების თემაზე.

შემდგომში კი მოსწავლეებს კონფერენციის თემების მომზადებაში და საინტერესო ფოტოების გადაღებაში ქალთა საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები დაეხმარნენ. მოსამზადებელ ეტაპზე, მოსწავლეების ინიციატივით, მოეწყო მოსახლეობის გამოკითხვა ქალთა უფლებების და ქალის პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებზე. მოსწავლეებმა ჩაიწერეს ინტერვიუები რეგიონის ცნობილ ქალბატონებთან. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სურამის №2 სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს საკონფერენციო თემა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ევოლუცია საქართველოში“ , ხოლო კასპის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გადაიღეს ფილმი „ქალი და ეპოქა“. https://www.youtube.com/watch?v=_255xb-30yU

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ბ-ნი მამუკა გაჩეჩილაძე უძღვებოდა, მოწვეულმა სტუმრებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს, თუ რას ნიშნავს „სუსტი სქესი“, როგორია ძლიერი და აქტიური ქალი. კონფერენციის პარალელურად დარბაზში მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების თვალით დანახული აქტიური ქალი, მათ შორის ის ქალბატონები, რომლებსაც თავისი საქმიანობით და მხარდაჭერით გარკვეული წვლილი შეიტანეს პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმატებით განხორციელებაში. კონფერენციაზე მოსულ ქალბატონებს საჩუქრად ყვავილების თაიგულთან ერთად მათივე ფოტო გადაეცათ. კონფერენცია გაშუქდა რეგიონალური ტელევიზიების „თრიალეთის“ და „დიას“ მიერ.