შპს ბესიკ ნიპარიშვილის მრავალპროფილიანი სკოლა – გიმნაზიის მე – 10 კლასის ოცმა მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ნინო ნიპარიშვილთან ერთად, განახორციელა მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წარსულის კვალდაკვალ.“

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიკვლიეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ქალაქის ისტორია და ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ქ.

კასპიდან 170 ადამიანი იყო რეპრესირებული, მოსწავლეებმა შეაგროვეს მათი ისტორიები, შეხვდნენ მათ შთამომავლებს, მოიძიეს ფოტომასალა. სკოლაში შეიქმნა რეპრესირებულთა მუზეუმი, სადაც კლასის მიერ შეგროვილი მასალაა გამოფენილი.

სიმბოლურია, რომ გიმნაზიის შენობა ყოფილი პოლიციის შენობა იყო, რომელიც საბჭოთა პერიოდში აშენდა და სარდაფში ეხლაც არსებობს საკნები. პროექტის მსვლელობის დროს ჩატარდა გამოკითხვა „რა იცით კასპის რეპრესირებული მოქალაქეების შესახებ“, მოეწყო შეხვედრა არქივის ხელმძღვანელთან, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა არქივში დაცულ მასალებზე; მოსწავლეებმა მოიკვლიეს რეპრესირებულთა წერილები და ფოტომასალა; გაიმართა ფილმის „მონანიება“ ჩვენება და დისკუსია; მოეწყო ვიზიტი თბილისის ოკუპაციის მუზეუმში; ჩატარდა ტრენინგი „ადამიანების უფლებები“; მოსწავლეებმა გადაიღეს და დაამონტაჟეს ფილმი, სადაც გამოყენებული იყო კადრები ფილმიდან „მონანიება“, ერთერთი რეპრესირებული ოჯახის შვილის ინტერვიუ და სცენები, რომლებიც რეპრესიების პერიოდს ასახავდა.