2016 წლის 19 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, გაიხსნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ოთხდღიანი ბანაკი, რომლის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, პროგრამის ფარგლებში არსებული დამხმარე სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში გამოყენების ხარისხის გაუმჯობესება, გაკვეთილის დაგეგმვისა და პრაქტიკული განხორციელების უნარების განვითარება, პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარება. ბანაკის მონაწილეები არიან პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჩართული პარტნიორი სკოლების პედაგოგები საქართველოს 10 რეგიონიდან და ასევე, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 30 მონაწილე.

ბანაკს უძღვება ტრენერ–ფასილიტატორი ნათია ნამიჭეიშვილი და ტრენერი მაკა ბიბილეიშვილი. ბანაკის განმავლობაში მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში არსებული სხვადასხვა რესურსების შესახებ.

უტარდებათ ტრენინგები თემაზე, როგორ შევადგინოთ საგაკვეთილო გეგმა და სცენარი. ეცნობიან მათი მუშაობის მხარდასაჭერად რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების რესურსებს, წარმატების ისტორიის მომზადების წესებს.

ბანაკის ფარგლებში პედაგოგები მუშაობენ დამხმარე სახელმძღვანელოების  გამოყენებით, კონკრეტული გაკვეთილების გეგმის მომზადებაზე. ბანაკის დასრულებამდე მონაწილეებს ბევრი საინტერესო ღონისძიება ელით მათ შორის შეხვედრა საინტერესო სტუმართან და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორთან ბ-ნ ალუდა გოგლიჩიძესთან. ბანაკის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკში მონაწილის სერტიფიკატები.