სავანეთის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების განახლება გადაწყვიტეს. 2 კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა წიგნები გადაარჩიეს და განაახლეს -შეაკეთეს.

აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების მცირე რაოდენობაა (სავანეთის საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია). მოსწავლეებმა დასახმარებლად ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკას მიმართეს.

ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ სკოლას გადასცა ქართული წიგნები, ხოლო მოსწავლეებს ბიბლიოთეკის წიგნებით სარგებლობა შესთავაზა და მათთვის გამონაკლისიც დაუშვა – გაზარდა წიგნების გატანის ხანგრძლივობა. ამასთან ერთად, სავანეთის მოსწავლეები ბოლნისში გამართულ საბავშვო ღონისძიებაზე მიიწვიეს.

მოსწავლეების საბავშვო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის შედეგად, სავანეთის სკოლაში ეწყობა ქართული წიგნების საჯარო კითხვა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნისა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდას.