2015 წლის თებერვლის დასაწყისში, აჭარის რეგიონში, პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული გამოცხადდა. კვირეულის მიზანი დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
კვირეულში აჭარის რეგიონის პროგრამის პარტნიორი 15 სკოლა ჩაერთო და მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ღონისძიებები განახორციელეს. სკოლის „არილი“ მოსწავლეები შეხვდნენ ორგანიზაციის „თანადგომა“ დირექტორს.
შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას დაავადების შესახებ და მის გამომწვევ მიზეზებს, ასევე მიიღეს რეკომენდაციები პრობლემის მოგვარების პროცესში მოზარდების მონაწილეობაზე. შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის და რეკომენდაციების საფუძველზე მოსწავლეებმა სკოლაში თანატოლებისთვის ჩაატარეს სემინარები და საზოგადოებაში გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები, მოსწავლეებმა მოქალაქეებს მოუწოდეს დროული სამედიცინო კვლევების ჩატარებისა და ჯანსაღი კვებისკენ.
კვირეულის ფარგლებში სალიბაურის №1 საჯარო სკოლის და წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები შეხვდნენ ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში სკრინინგ პროგრამის კოორდინატორს, ქალბატონ მედა გოგიტიძეს. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები შეხვედრაზე გაეცნენ ჰოსპიტალის პროგრამებს და პროექტებს. მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ეროვნული სკრინინგ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც 25 – 70 წლამდე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის სკრინინგული კვლევები უფასოდ. კიბოსთან ბრძოლის კვირეულში ჩაერთვნენ მარადიდის, ყოროლისთავის, პირველი მაისის, დაგვას, ქედქედის, ქვედა კვირიკეს და ჩიქუნეთის საჯარო სკოლები. მოსწავლეებმა ექიმებისგან მიიღეს ინფორმაცია დაავადების შესახებ, ჩაატარეს სემინარები თანატოლებისთვის და მშობლებისთვის დაავადების გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის გზებზე. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მათ სკოლებში, თემში. პროგრამით ძალიან დაინტერესდნენ პედაგოგები, ამის შესახებ კლუბის მოსწავლეებმა აცნობეს საზღვაო ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა მსურველი პედაგოგებისთვის ნებისმიერ დროს განეხორციელებინა სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული უფასო კვლევები. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდება სკრინინგ პროგრამაში მონაწილე პედაგოგების მობილიზება და ტრანსპორტირება ჰოსპიტალში.