2016 წლის 10 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ბლოგების კონკურსის – „სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. ბლოგების კონკურსი 2015 წლის ნოემბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 185-მა IX-XI კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
აქედან ჟიურიმ 14 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, რომლებმაც 6 სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში I, II და III ადგილები გადაინაწილეს. ექვს ნომინაციაში წარმოდგენილი ბლოგები მოიცავდა შემდეგ თემებს: ახალგაზრდა მოხალისე, ახალგაზრდა ომბუდსმენი, ბუნების დამცველი, მოქალაქე ჟურნალისტი, ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი და ახალგაზრდა განმანათლებელი.
პირველ და მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ჟიურის საპატიო წევრებმა გადასცეს. ჟიურის წარმოადგენდნენ: ნინო ბაღაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ნატა სულთანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; მაია ქობალია, „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“; ნიკოლოზ სილაგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ირაკლი კუცია, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები და თამარ რუხაძე, IREX საქართველო.
ბლოგების კონკურსის სხვადასხვა თემატურ ნომინაციებში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს მოსწავლეებმა: ქეთევან კიკოლაშვილმა, გიორგი კონცელიძემ, დავით ჯინჭარაძემ, ლელა ქოჩორაშვილმა, ვახო ორკოდაშვილმა, დიანა გოგიაშვილმა, თამარ ვარდიაშვილმა, მარიამ ყელიხაშვილმა, დალი ტაბატაძემ, ლენტო ბალიაშვილმა და ნატალი ჯვარიძემ. მესამე ადგილზე გასული ბლოგების ავტორები ასევე მიიღებენ სამახსოვრო პრიზებსა და სერტიფიკატებს. ბლოგების კონკურსი ჩატარდა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.