2016 წლის 22 იანვარს, თბილისში, „დიდუბე პლაზას” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება. თბილისის პარტნიორი სკოლების IX-X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული საკლასო, მცირე გრანტის პროექტები და წარმატებული ადვოკატირების შედეგად მიღწეული შედეგები.

სტუმრებმა დაათვალიერეს საქმიანობის ამსახველი ფოტო გამოფენა. 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა განახორციელეს 20 სამოქალაქო ინიციატივა და ორი მცირე გრანტის პროექტი, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეებმა ადვოკატირების გზით გადაჭრეს სათემო პრობლემები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი ქ-ნი მარინა უშვერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და საქველმოქმედო ორგანიზაციის „მომავლის გზა“ თანამშრომლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების დირექტორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ საკლასო პროექტების კონკურსში გამარჯვებული სკოლები და წარმატებული პედაგოგები. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ღონისძიება საზოგადოებრივმა რადიომ და ტელეკომპანიამ “ერთსულოვნება” გააშუქა. პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციის “ფონდი -თბილისის მოზარდთა სახლი” ორგანიზებით. პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონში.