ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში, საკლასო პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,მაწანწალა ძაღლების პრობლემა დაბა ჩოხატაურში“. პროექტის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა დაბა ჩოხატაურში, ასევე შეხვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელს, გამოიკითხეს მოსახლეობის აზრი და მოამზადეს ვიდეო ინტერვიუები. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა მოსწავლეებთან საუბრისას, მაწანწალა ძაღლების პრობლემა ჩოხატაურში მწვავედ დგას.
მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება კონკრეტულ ინდ. მეწარმესთან, რომელსაც ევალება აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა.
მუნიციპალიტეტი მზადაა უფრო მეტი თანხა გამოყოს და ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას შესთავაზოს უკეთესი პირობები, თუმცა თავშესაფრის აშენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ვერ მოხერხდება. მოსწავლეები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელს და დაათვალიერეს თავშესაფარი და ვოლიერები. გაეცნენ თავშესაფრის მუშაობის პრინციპს. პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრი მოსწავლეები ასევე ესაუბრნენ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ ,,მედალფას“ ექიმს და გაიგეს, თუ რამდენად ხშირია მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები, რა პირველადი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ დაზარალებულს, და რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბროშურები და გაავრცელეს მოსახლეობაში.