2015 წლის 24 ნოემბერს მისაქციელის საჯარო სკოლაში პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მცხეთა – მთიანეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან თორნიკე ნაროზაულთან და ირაკლი დეისაძესთან. სტუმრების შერჩევა მოსწავლეთა შორის წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე მოხდა.

შეხვედრაში მისაქციელის, წილკნის, ძველი ქანდის, ჟინვალისა და ახალდაბის სამოქალაქო კლუბების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. პოეტებმა მოსწავლეებს ჯერ თავიანთი ლექსები წაუკითხეს, შემდეგ მოსწავლეთა ლექსებიც მოისმინეს.

შემდეგ საუბარი შეეხო პატრიოტიზმის, მოქალაქეობრივი მოვალეობის, პროფესიული არჩევანის თემას. სტუმრებმა ისაუბრეს საკუთარ წარმატებებზე, სირთულეებზე და მოსწავლეების მოსაზრებებიც მოისმინეს.

,,ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა, დიდი ხანია გვინდოდა ამ ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრა. მათ შემოქმედებას თვალს ვადევნებთ და ახლა მოვისმინეთ მათი აზრი ,,წარმატების ფორმულაზე“, მოქალაქეობრივ აქტივობებზე, სამოქალაქო ღირებულებებზე. ჩვენი გეგმებიც გავუზიარეთ“ – სთქვა მარიამ კაბულაშვილმა, მისაქციელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა მოსწავლემ.