ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას პროგრამის ,,მომავლის თაობა“ გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ და განახორციელეს ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ თემში საზოგადოების ცნობიერების გაზრდას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ სამოქალაქო კლუბ ,,მამულის” წევრები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

შეხვედრაზე განხილული იყო მხატვრული ნაწარმოებები, რომლებშიც ქალზე ძალადობის ფაქტებია ასახული. აგრეთვე, განიხილეს თანამედროვე ეპოქაში მომხდარი ძალადობის ფაქტები.

ასევე, გაიმართა დისკუსია აღნიშნულ თემაზე, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ კლუბის წევრები და პედაგოგები. საინფორმაციო კამპანია აწარმოეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა.

მოსწავლეებმა მოამზადეს და სოფლის ცენტრში გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც მითითებული იყო ცხელი ხაზის ნომერი, რომლითაც უნდა ისარგებლონ ძალადობის შემთხვევაში. ასევე, სკოლაში მოეწყო შეხვედრა, რომელზეც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე და დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა დაბა ურეკის, საჭამიასერის, კოხნარის, გურიანთის, სოფელ ოზურგეთის, კონჭკათის, ქვემო ბახვის, მაკვანეთის და ჯურუყვეთის საჯარო სკოლებში.