სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის” ფარგლებში, ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა “ჰუმანისტებმა” ქუთაისის მერიასთან, ქუთაისის ოპერის თეატრთან, ადამიანის უფლებათა დაცვის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით  16 ნოემბერი-ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში აღნიშნეს. კლუბის წევრებმა საერთაშორისო თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმეს.

პირველ ეტაპზე მათ ადგილობრივი თვითმმართველობიდან  ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მასშტაბური ღონისძიებების გამართვისათვის ნებართვა მოიპოვეს. ასევე წერილობით მიმართეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორს, რომელმაც აღნიშნული წერილის საფუძველზე კლუბის წევრებს სხვადასხვა ეროვნების სამოსი  დაუთმო, რითაც მოსწავლეებმა ბულვარში კოსტიუმირებული მსვლელობა მოაწყვეს, ამ დღესთან დაკავშირებით გამოიფინა მოსწავლეთა ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატები, აქციის მონაწილეებმა თანაგრძნობა გამოხატეს  13 ნოემბერს, საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების დროს დაღუპულთა ოჯახების მიმართ.

აქციის მონაწილეებმა თანამოქალაქეებთან ერთად შემოსეს ტოლერანტობის ხე, რომლის “ფოთლებზეც” ის ძირითადი სიტყვები დაწერეს, რაც ტოლერანტობის ქვაკუთხედია – თანასწორობა, შემწყნარებლობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა. აქციის პარალელურად მოქალაქეებს ადამიანის უფლებების თემაზე კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის და “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ სამართლებრივი ჯგუფის წევრები უწევდნენ.

„ნამდვილად არ ვიცოდი, თუ 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იყო, აქციაზეც შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ იმდენი ინფორმაცია მივიღე, მეც ვუერთდები მოსწავლეების აზრს და ვთვლი, რომ ტოლერანტობა ადამიანის, ერების, ქვეყნების ყველაზე დიდი ფასეულობა უნდა იყოს’’ – განაცხადა 64 წლის სერგო თალაკვაძემ, რომელიც მოსწავლეთა აქციაში  შემთხვევით  ჩაერთო. ,,ბოლო დროის მოვლენებმა მრავალგზის დაგვარწმუნა, რომ ტოლერანტობა არის ის მთავარი რამ, რის ირგვლივაც უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ  ვართ ტოლერანტები და სხვებსაც მოვუწოდებთ, გახდნენ’’ – განაცხადა კლუბის ლიდერმა დათო მღვდელაძემ. დასასრულს გაიმართა ფლეშმობი.