2015 წლის 13 ნოემბერს, ქ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა კონფერენცია თემაზე – „ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემები და მათი პრევენციის გზები“. კონფერენციის მიზანი მოზარდებში ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კომპეტენტური პირებისგან პრობლემის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება იყო.

კონფერენციას უძღვებოდა გენდერ მედია ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამილა დოლიძე. კონფერენციაზე სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების თემაზე მათი შეხედულებები ვიდეო რგოლების და ესეების პრეზენტაციებით წარმოადგინეს.

კონფერენციის ფასილიტატორმა მოსწავლეების დამოკიდებულება პრობლემის მიმართ დადებითად შეაფასა და ერთობლივი სოციალური რგოლის მომზადება შესთავაზა, რომელიც ტელევიზიის მეშვეობით გაშუქდება და ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ. კონფერენციაზე, ასევე, ისაუბრა ფსიქოლოგმა, რომელმაც არაერთი მაგალითი მოიყვანა მოზარდებში ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმების შესახებ.

კონფერენციაში აქტიურად ჩაერთო ყველა მონაწილე მოსწავლე, პედაგოგი და მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ რეგიონში ნაადრევი ქორწინება ნამდვილად პრობლემაა და მათი მხრიდან ამ შეხვედრებში მონაწილეობა ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პრობლემის მოგვარების საქმეში. კონფერენციაში 70-მა მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და საკრებულოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია გაშუქდა აჭარის ტელევიზიის მიერ.