2015 წლის 11 ნოემბერს, ახალციხეში, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა მოსახლეობაში ვიდეო გამოკითხვა ჩაატარეს, რათა დაედგინათ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მსვლელობა ცენტრალური პარკიდან დაიწყო. მოსწავლეებმა ქუჩაში გამვლელებს ენერგოეფექტიანობის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მოეწყო ნახატების გამოფენა, „ენერგოეფექტიანობა და მე“. ნამუშევრები ახალციხის მერიის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრება შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.
პირველი ადგილი, სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეს გიორგი ლაცაბაძეს ერგო. „დედამიწას დიდ ზიანს ვაყენებთ, ამიტომ ჩემი ნახატი სწორედ ამას გამოხატავს. მე მზე დავხატე, რომელიც დედამიწას ბუნებრივად აწვდის მზის ენერგიას“, ამბობს პირველი ადგილის მფლობელი გიორგი ლაცაბიძე. გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. „ნახატებში ასახული იყო ნაკლები რაოდენობის ენერგიის მოხმარებით და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებით, როგორ შევინარჩუნებთ სუფთა გარემოს. მე შევაფასე ნახატების, როგორც მხატვრული, ასევე შინაარსობრივი მხარე. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი თაობა გვყავს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ფიქრობს“, – აღნიშნა ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგმა ნინო ივანიძემ. ერთ-ერთი გამარჯვებული ნახატი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ნუგზარ მანჩხაშვილმა დახატა, არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ დირექტორმა ბ-ნმა ნუგზარ თათეშვილმა მოიწონა. მან გადაწყვიტა, საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტყის მდგრადი განვითარებითა და ენერგოეფექტური ღონისძიებებით საზღვრისპირა თანამშრომლობა“ ბანერზე განთავსება. ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს ფლეშ-მობი, სკოლის საინფორმაციო კედელზე გამოაკრეს პოსტერი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ენერგოეფექტიანობის მნიშვნელობაზე მოუთხრობდა. ენერგოეფექტიანობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების პარტნიორი საჯარო სკოლების 105 მოსწავლე. ღონისძიებები გაშუქდა ადგილობრივი მედიის – ტელეკომპანია “მე-9 არხი” და გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“ მიერ.