2015 წლის 12 ოქტომბერს, შპს “ბესიკ ნიპარიშვილი” მრავალპროფილიან სკოლაგიმნაზიაში მე-10 კლასის საკლასო პროექტის „მშვიდობიანი სამყარო-ჩვენი არჩევანი“ ფარგლებში ჩატარდა მშვიდობის საერთაშორისო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება. საკლასო პროექტი 21 სექტემბერს დაიწყო და მის ფარგლებში, მოსწავლეების ინიციატივით, მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, მოეწყო მსვლელობა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ქალაქში მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი ბარათები დაარიგეს და მოქალაქეებს საკუთარი გზავნილი დააფიქსირებინეს სპეციალურ პოსტერზე.
სკოლაში მოიწვიეს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურისტი სოფო ქურთაული, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგი – „ადამიანის უფლებები, როგორც ძირითადი სამოქალაქო სამართალი“. ასევე, მოსწავლეები ეწვივნენ კასპის მაჟორიტარ დეპუტატს სანდრო გზირიშვილს და ისაუბრეს დემოკრატიის არსზე და ღირებულებებზე.
საკლასო პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები იმ ადამიანებზე, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეში. ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების სამშვიდობო მისიებზე და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებზე.
მოეწყო ფილმის ჩვენება ირენ სანდლერზე. ღონისძიების მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ნაწილი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიის თემა. გიმნაზიის მოსწავლეებმა ისაუბრეს ავღანეთში დაღუპულ გმირებზე და მათ თანამოქალაქეზე რამაზ გოგიაშვილზე, წაიკითხეს წერილები, რომლებიც მათ სამშვიდობო მისიით წასულ ჯარისკაცებს მისწერეს შემდეგი გზავნილით-„მომავლის თაობას თქვენი იმედი აქვს“. მოსწავლეებმა თხოვნით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რათა წერილები ადრესატებამდე მივიდეს. ღონისძიების პარალელურად გიმნაზიის შენობაში მოეწყო მშვიდობის თემაზე ნახატების და სამოქალაქო განათლების თემატიკაზე შექმნილი ბისერებისგან დამზადებული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას ესწრებოდა ავღანეთში დაღუპული გმირის რამაზ გოგიაშვილის მეუღლე, ქ-ნი ნინო პატარქალიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა თითოეულ მოსწავლეს ღონისძიების განხორციელებისა და აქტიურობისათვის და წარმატებები და წინსვლა უსურვა.