ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების თვითმმართველობასთან წარმატებული თანამშრომლობით მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სვირში, ბოგასა და ტატანისში ნაგვის გასატანად მანქანა დაინიშნა და სოფელ სვირის სასმელი წყლის და შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში პრობლემების კვლევა ჩაატარეს.
კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხები გამოიკვეთა, ისეთი როგორიცაა: არსებული ნაგავსაყრელები, გაუმართავი სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, სვირის თემში შემავალ სოფელ ბოგაში მცხოვრები მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ცენტრიდან სოფელ სვირში ტრანსპორტის მოძრაობის არახელსაყრელი საათობრივი გრაფიკი და სხვა. კლუბის წევრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა მოაწყვეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
მათ წინაშე წარადგინეს კვლევის შედეგები, არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარი ხედვა და მათი მონაწილეობის შესაძლებლობები. პარალელურად კვლევის შედეგები გაეგზავნა მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს.
მიმდინარე წლის 16 აპრილს სვირის სამოქალაქო კლუბმა ,,ფესვები“ მიიღო საპასუხო წერილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, სადაც ნათქვამია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელში ნარჩენებისათვის ურნები განათავსა, ამავდროულად, რეგულარულად უზრუნველყოფს მათ გატანას. ასევე სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიღებული იქნა ძირითად პრიორიტეტად და მიმდინარეობს საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. რაც შეეხება მუნიციპალური ცენტრიდან სოფელ სვირში ტრანსპორტის მოძრაობის არახელსაყრელი საათობრივი გრაფიკის პრობლემას, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისა და სატრანსპორტო კომპანიის კონსულტაციის შედეგად გრაფიკი შეიცვალა, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს იმოძრაონ მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კმაყოფილება გამოხატა სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ საზოგადოებრივი პრობლემებით დაინტერესების გამო და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. “ახალგაზრდებს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების საქმეში. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივხედოთ გარემოს. მოხარულები ვართ, რომ კლუბის წევრებმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობით ნაწილობრივ მოვაგვარეთ ეკოლოგიური პრობლემები და დღეს ჩვენს თემში ნაგავსაყრელი მანქანა დადის”, – სთქვა სვირის სკოლის სამოქალაქო კლუბის „ფესვები“ ლიდერმა თიკო უჩიძემ.